Страницы

понедельник, 5 декабря 2011 г.

გიო საჯაია


ელ-ქაფირუნ სურა

შეგვინდე, მამაო, რამეთუ ვიცით, რას ჩავდივართ.
შეგვინდე, რამეთუ ჩვენ ასეთებად არ ვშობილვართ,
არამედ ასეთებად გვაქციეს.

ჩვენ პური წაგვართვეს, მამაო, არსობისა,
ტაძრიდან ქუჩაში გამოგვყარეს,
გაგვასალახანეს, გაგვაბოროტეს და გვასწავლეს,
რომ ერთმანეთი უნდა დაგვეჭამა,
(ხოლო გადარჩება ის, ვინც ხელს ჩაიქნევს,
დროულად გაგვეცლება და თავს უშველის)
და მას აქეთ, ვჭამთ ერთმანეთს, მამაო,
გულმოდგინედ, დამშეული ვირთაგვებივით
და სისხლმოწყურებულ თვალებში ჩავძახით:

- ეჰეი, ურწმუნოებო,
ჩვენ არ ვცემთ პატივს იმას, რასაც თქვენ ეთაყვანებით,
თქვენც ჩვენი სათაყვანოს მოთაყვანენი არ ხართ,
ამიტომ თქვენი სარწმუნოება თქვენ
და ჩვენი სარწმუნოება ჩვენ! -

შეგვინდე, მამაო, რამეთუ ვიცით, რას ჩავდივართ...

ჩვენ გვასწავლეს, რომ ღმერთი სხვა არაფერია,
თუ არა სიტყვა, რომელიც ერთხელ უკვე იყო
და ამდენად, შეგვიძლია, უბრალოდ გვახსოვდეს,
მაგრამ არასდროს წარმოვთქვათ,
ან სულაც დავივიწყოთ მისი არსებობა...
რომ ძე ღვთისა, სხვა არაფერია, თუ არა ის,
ვინც ჯერ უნდა გაყიდო, ხოლო მერე ჯვარს აცვა
და რომ სული წმინდა, სხვა არაფერია,
თუ არა ენერგია, რომელიც უდრის
მასისა და სინათლის სიჩქარის კვადრატის ნამრავლს
და მას აქეთ, ჩვენ შევიძულეთ თეორიული ფიზიკა
და შევიყვარეთ პრაქტიკული ბუღალტერია,
რომ შემთხვევით, არცერთი ვერცხლი არ დაგვეკარგოს,
რომელსაც სამათხოვროდ გაწვდილ ხელებში გვიყრიან
ყოველთვის, როცა საკუთარ თავს ვყიდით
და ერთმანეთს ჯვარს ვაცვამთ ყველა სიტყვისთვის,
რომელიც ერთხელ უკვე იყო, - თუნდაც პირველად, -
როცა ერთმანეთს ვჭამთ, გულმოდგინედ,
დამშეული ვირთაგვებივით
და სიხლმოწყურებულ თვალებში ჩავძახით:

- ეჰეი, ურწმუნოებო,
ჩვენ არ ვართ იმის მოთაყვანენი, რასაც თქვენ ეთაყვანებით,
თქვენც ჩვენი სათაყვანოს მოთაყვანენი არ ხართ,
ამიტომ თქვენი სარწმუნოება თქვენ
და ჩვენი სარწმუნოება ჩვენ! -

შეგვინდე, მამაო, რამეთუ ვიცით, რას ჩავდივართ...

და ჩვენ გვასწავლეს, რომ ტრიპტიქი სხვა არაფერია,
თუ არა ერთგვარი, სამად მოსაკეცი სარკე,
(რომელსაც ისინი, ვინც ეს ყველაფერი გვასწავლა,
"ტრილიაჟს" ეძახიან) ხოლო ლოცვა -
წვერის პარსვის, ან მაკიაჟის მეტამორფოზა და მას აქეთ,
ყოველდღე სარკესთან ვდგებით და ვლოცულობთ
ჩვენ, ჩვენთვის, ჩვენსას, ჩვენო,
ხოლო ჩვენს იქით ყველა და ყველაფერი წყალს წაუღია,
მამაო...

შეგვინდე, რამთუ ვიცით, რას ჩავდივართ.
შეგვინდე, რამეთუ ჩვენ პოეტებად არ ვშობილვართ,
არამედ პოეტებად გვაქციეს.

ნიკა ჩერქეზიშვილი


 შალის წინდები

შენ დარე გქვია.
დედაჩემი, ჩემი დედა ხარ.
მე - შენი შვილი, ნიკოლოზი, დიდება უფალს!
მე არ მინდოდა, რომ შენ ასეთ დღეში გენახე,
მე არ მინდოდა, აგვსებოდა ცრემლებით უპე.
მე მახსოვს ის დრო, სხვანაირად როცა ვიყავით,
სულ სხვანაირად... სხვანაირად თბილოდა მაშინ
ჩვენს სახლში... მახსოვს (კარგად მახსოვს), როგორ ვიდავეთ
იმაზე, რომ მე აღარა ვარ პატარა ბავშვი.
არადა, ახლა რომ გიყურებ დილით მიმავალს
სამსახურისკენ, შეციებულს და წელში მოხრილს,
მე ვუბრუნდები იმ საღამოს, სწორედ იმავეს,
როცა დიდივით გაგეჯგიმე, ხმა დავიბოხე
და გადმოგხედე მედიდურად (არ მეცინება).
ვიყავით ორნი ოთახში და ციოდა გარეთ,
მე მივდიოდი, შენ ჩაიცვი შალის წინდები...
მთხოვე, რომ კარგად მომეხურა ოთახის კარი.
მე ვიცინოდი და ვიდექი მხრებში გაშლილი,
შენ მიყურებდი, მერე თქვი, რომ ცხოვრება მძიმე,
ძალიან მძიმე სახადია, გვითრევს მაშინვე,
როგორც კი გულში გავიტარებთ პატარა იმედს;
რომ ყველაფერი კარგად არის, ასეც იქნება.
დედი, მე ახლა ამ ყველაფერს უბრალოდ ვყვები,
რადგან, რაც უფრო ვიზრდებოდი, ძალას ვიკრებდი,
მით უფრო მეტად დამტვრეული დამქონდა ყბები.
და ახლა ვხვდები, რომ შორი გზით (მშვიდად) მიგყავდი,
რომ, თურმე, მართლა პატარა ვარ, შენ - უფრო, დედი,
და შეგვეყარა ეს ცხოვრება, ვერ მოვიხადეთ
და ასე, წელში მოხრილები დავდივართ დღემდე.
ახლა ფანჯრიდან თვალს გაყოლებ, ნელი ნაბიჯით
როგორ მიდიხარ სამსახურში, უთენიაა,
და ალბათ დღესაც გაგექცევი (შენ ვერ დამიჭერ),
იცი - გიყურებ და ამზადებ ფრთხილად ნიადაგს -
ნელა მიდიხარ, მოზომილად, იცი - გიყურებ,
წელში მოხრილი საცოდავად მიდიხარ, დედი,
მე ვტრიალდები და ის კარი, შენ რომ მიხურე,
მინდა ჩამოვხნა, დავამტვრიო, გამოგყვე გვერდით.
და მივდიოდეთ, მივდიოდეთ, როგორც დიდები...
(დეკემბერია, დგას სიცივე და ძალას იკრებს.)
დედი, ჩავიცვი შენი თბილი შალის წინდები
და მოსახვევში დაგაწიე გამთბარი ფიქრი.

გიო არაბული


 "ზეცას შახენეო აპარეკავ"

ზეცას შახენეო აპარეკავ,
მთვარე დათვისჯვრისკენ იტოლება,”
ქალავ შავ თვალთ რაად მაპარებავ,
ანამც ჭერხოში რად მიყოლებავ?!”
დღეს მე შენ სწორფერი ვიქნებიო,
ღამე გავიტანათ საუბარით.”
ქალავ, ნუ ამირი ფიქრებიო,
მამშორდ გაიგონე ნაუბარი!”
ზეცა უკეცია ვარსკვლავთ ფარდას,
მთვარეც გაწეულა დათვისჯვრისკენ,
ვაჟავ, სად წახვედი, აღარ სჩანხარ,
ნეტავ, შენ სწორფერსამც დამიცდიდე.”
ღამე უტეხია მათ საუბარს,
დილა გათენებულ ნამიანი,
რიჟრაჟს არყიანი ბოთლა უყვარს,
ბოთლა ნაჭრელიან-სასმლიანი.
სწორფერმ მიუტანა ბოთლით არაყ,
დილამ შუადღისკენ გაიწია,
კაცმა ყანწით სასმელ გადაცალა,
მერე ეშმაკურად ჩაიცინა.
ქალმა ლუკმა მისცა... თავ დახარა,
კიდევ ერთი სთქვიო ხევსურისა...”
სასმელმ კაცის გონი გადაფარა,
(თანაც ის სწორფერი გვერდს უზის და...)
”... რაებს ვაზრობ ღმერთმა მარისხას და...” -
შერცხვა, გადაეკრა სახადის ფერ,...
ნელა გადავიდა დათვისჯვარს და
ბილიკს გადაუყვა ხახმატისკენ.


ბექა ახალაია


პიპა
        
(ჩემი და მეფე გიორგის მონოლოგი)

პიპა,მომგვარე ჩემი წითური ცხენი,
აღმოსავლეთთან უნდა მივასწრო დილას,
პიპა აბჯარი...შემოვისხამ და ვშვენი...
სადღაც ბაყაყი ღამის სიჩუმეს კილავს

პიპა,ნერვები აღარ შემომრჩა ციდა,
პიპა,უფალი ცოდვებს მიშენს და ვყვირი,
პიპა,მიდი და გადმოაბრძანე ციდან,
პიპა,მიშველე...ნუ დაგიღია პირი!

პიპა,მშვილდი და პიპა,ისარი,ჩქარა,
ნახე,ბილიკზე მიიპარება შველი,
თვალიდან ცრემლის გადმომივიდა ფარა,
პიპა,ესროლე...პიპა,ვერაფერს ვშველი.

პიპა,თრიაქი...ცაში აგველდა ბოლი,
სადღაც მიცურავს ჩემი სახლი და ოზე,
პიპა,რატომ ხარ,პიპა,დევების ტოლი?!
დაპატარავდი,დაპატარავდი დროზე.

პიპა,შემინდე,პიპა,ცოდვების რიგი,
პიპა,საქმენი შემომათალე ავი,
პიპა,ქარაფში გადამხტარაო იგი,
პიპა,დალპაო,პიპა,მოჭრილი მკლავი.

პიპა,საფეთქელს,პიპა,ცრემლები მინავს,
პიპა,ნამდვილად,პიპა,ჭკუიდან შემშლი,
მიდი უღმერთოვ,დამალევინე ღვინო,
სანამ წვალებით ჩაგაკვდებოდე ხელში!