Страницы

понедельник, 5 декабря 2011 г.

გიო საჯაია


ელ-ქაფირუნ სურა

შეგვინდე, მამაო, რამეთუ ვიცით, რას ჩავდივართ.
შეგვინდე, რამეთუ ჩვენ ასეთებად არ ვშობილვართ,
არამედ ასეთებად გვაქციეს.

ჩვენ პური წაგვართვეს, მამაო, არსობისა,
ტაძრიდან ქუჩაში გამოგვყარეს,
გაგვასალახანეს, გაგვაბოროტეს და გვასწავლეს,
რომ ერთმანეთი უნდა დაგვეჭამა,
(ხოლო გადარჩება ის, ვინც ხელს ჩაიქნევს,
დროულად გაგვეცლება და თავს უშველის)
და მას აქეთ, ვჭამთ ერთმანეთს, მამაო,
გულმოდგინედ, დამშეული ვირთაგვებივით
და სისხლმოწყურებულ თვალებში ჩავძახით:

- ეჰეი, ურწმუნოებო,
ჩვენ არ ვცემთ პატივს იმას, რასაც თქვენ ეთაყვანებით,
თქვენც ჩვენი სათაყვანოს მოთაყვანენი არ ხართ,
ამიტომ თქვენი სარწმუნოება თქვენ
და ჩვენი სარწმუნოება ჩვენ! -

შეგვინდე, მამაო, რამეთუ ვიცით, რას ჩავდივართ...

ჩვენ გვასწავლეს, რომ ღმერთი სხვა არაფერია,
თუ არა სიტყვა, რომელიც ერთხელ უკვე იყო
და ამდენად, შეგვიძლია, უბრალოდ გვახსოვდეს,
მაგრამ არასდროს წარმოვთქვათ,
ან სულაც დავივიწყოთ მისი არსებობა...
რომ ძე ღვთისა, სხვა არაფერია, თუ არა ის,
ვინც ჯერ უნდა გაყიდო, ხოლო მერე ჯვარს აცვა
და რომ სული წმინდა, სხვა არაფერია,
თუ არა ენერგია, რომელიც უდრის
მასისა და სინათლის სიჩქარის კვადრატის ნამრავლს
და მას აქეთ, ჩვენ შევიძულეთ თეორიული ფიზიკა
და შევიყვარეთ პრაქტიკული ბუღალტერია,
რომ შემთხვევით, არცერთი ვერცხლი არ დაგვეკარგოს,
რომელსაც სამათხოვროდ გაწვდილ ხელებში გვიყრიან
ყოველთვის, როცა საკუთარ თავს ვყიდით
და ერთმანეთს ჯვარს ვაცვამთ ყველა სიტყვისთვის,
რომელიც ერთხელ უკვე იყო, - თუნდაც პირველად, -
როცა ერთმანეთს ვჭამთ, გულმოდგინედ,
დამშეული ვირთაგვებივით
და სიხლმოწყურებულ თვალებში ჩავძახით:

- ეჰეი, ურწმუნოებო,
ჩვენ არ ვართ იმის მოთაყვანენი, რასაც თქვენ ეთაყვანებით,
თქვენც ჩვენი სათაყვანოს მოთაყვანენი არ ხართ,
ამიტომ თქვენი სარწმუნოება თქვენ
და ჩვენი სარწმუნოება ჩვენ! -

შეგვინდე, მამაო, რამეთუ ვიცით, რას ჩავდივართ...

და ჩვენ გვასწავლეს, რომ ტრიპტიქი სხვა არაფერია,
თუ არა ერთგვარი, სამად მოსაკეცი სარკე,
(რომელსაც ისინი, ვინც ეს ყველაფერი გვასწავლა,
"ტრილიაჟს" ეძახიან) ხოლო ლოცვა -
წვერის პარსვის, ან მაკიაჟის მეტამორფოზა და მას აქეთ,
ყოველდღე სარკესთან ვდგებით და ვლოცულობთ
ჩვენ, ჩვენთვის, ჩვენსას, ჩვენო,
ხოლო ჩვენს იქით ყველა და ყველაფერი წყალს წაუღია,
მამაო...

შეგვინდე, რამთუ ვიცით, რას ჩავდივართ.
შეგვინდე, რამეთუ ჩვენ პოეტებად არ ვშობილვართ,
არამედ პოეტებად გვაქციეს.

Комментариев нет:

Отправить комментарий