Страницы

понедельник, 5 декабря 2011 г.

რეზო გეთიაშვილი


 მკვდრების მანიფესტი

'მიდით, დახოცეთ ერთმანეთი'

ჩვენი ქალაქი, ჩვენი ქუჩა, ჩვენი საკანი,
აკლდამა, სადაც ამოქოლვას შობა ეწოდა,
უკვე ღიაა, უკვე იტევს უკვე საკმარის
სიმართლეს, რომლის გასასინჯად კუჭი გვეწვოდა

და უკვე ვიცით, როგორ უნდა, ანდა სად უნდა
წავიღოთ ჩვენი სულები და სად დავუმალოთ
თვალებს სამყარო - გამოხრული ასე სათუთად,
ხსოვნას დღეები - განვლილი თუ გარდაუვალი,

რადგან დაგვსაჯეს სამუდამო თავისუფლებით,
უადვოკატოდ, უცერბეროდ, უსერაფიმოდ,
რადგან სულ ყველა ერთმანეთით დავითხუპნებით,
უკვე დაიწყო, უკვე აქ ვარ, უკვე ვნადირობ

თქვენზე, წამები მთავარ როლებს ითამაშებენ,
სად მოგვართმვენ ცოდვა-მადლის მომთენთავ ჩეფირს,
გადაგვარჩევენ ჩვენს ნარჩენებს და დანარჩენებს
და სანამ მორგში პოლიციის დამპალი შეფი,

ალკოჰოლიკი ყასაბი და `ბრექინგ-ნიუსთა~
რეპორტიორი - საქართველოს ჰიმნს იმღერებენ,
სალხინებელში მამა-პაპურ სუფრას მივუსხდეთ,
ძმებით, ცოლებით, გამვლელებით, გამომვლელებით.

ჯერ ტყვიებია, ჯერ ქვებია, ჯერ ეკლებია,
მოდით, დავხოცოთ ერთმანეთი, ბჭენი განიხვნენ,
ჯოჯოხეთიდან დღეს ისინი გვერეკებიან,
სულ რომ გვდევნიდნენ, სულ რომ იყვნენ და ყველგან იყვნენ.

ძველი კურსია ოცდაათი ოქრო და ლივრი,
ყველა ერთნი ვართ, მინუს ერთი რაოდენობით
პანაშვიდებზე, რა თქმა უნდა, ვარდებით ვივლით,
ვარდებით მოვა პროზექტურის სამი ტენორი,

რომ დაამშვენოს ჭირის სუფრა და ჭირის არტი:
`ჩემი ხატია~... ჰოდა, იყოს, ან ვინ იდავებს,
თუ ჩვენს გაძეძგილ საფლავებზე აკრეფილ ვარდებს
თავისუფლების მოედანზე გადაზიდავენ.

მოდით, დავხოცოთ ერთმანეთი, თავისუფლება,
სისხლის დუღილი, სისხლის მადლმა, თვალებს დასიცხულს,
სისხლის აღების, სისხლის წესით, სისხლის სუფრებად,
შენ, სისხლო ჩემო, სისხლო სხვისო, ზოგადად, სისხლო.

ვინც გადარჩება, ჩაიბარებს სულ ყველას ცოდვას,
ჩვენი სულების საუკუნოდ განსასვენებლად,
ჩვენ უკვე მზად ვართ ვემსახუროთ სამშობლოს, ჰოდა,
ვაშა ამ ახალ საქართველოს, ვაშა შენებას!

Комментариев нет:

Отправить комментарий